11 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა საჯარო ლექცია „ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“. ლექციას უძღვებოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი – გულიკო ბექაური. ლექციაზე განხილული იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა. მოვლენები და ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე, ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. დამსწრე აუდიტორიის მხრიდან გამოვლინდა დიდი ინტერესი აღნიშნული თემის გარშემო. დაისვა კითხვები როგორც აღნიშნული თემის, ისე ყოველდღიური, აქტუალური პრობლემების შესახებ. ასევე, ამ დღის აღსანიშნავად უნივერსიტეტში მოეწყო საინფორმაციო კუთხე, განთავსდა ბანერი და ბროშურები მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობის და E-PSY პროექტის შესახებ. მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მსოფლიოში ყოველი წლის 10 ოქტომბერს აღინიშნება.
ამ დღის მიზანია მსოფლიოში ცნობიერების გაზრდა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ და დამატებითი ძალისხმევის მობილიზება იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდიან. წელს მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის სლოგანია „ვაქციოთ მენტალური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყველასთვის გლობალურ პრიორიტეტად“ (“Make mental health & well-being for all a global priority”). ღონისძიება გაიმართა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში არსებული Erasmus+ (CBHE) ინსტიტუციური განვითარების პროექტის E-PSY “ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ფარგლებში. შეხვედრას ორგანიზებას უწევდა პროექტის მენეჯერი და საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების უფროსი სპეციალისტი გურანდა მოდებაძე და პროექტის მკვლევარი ქეთევან ნარიმანიშვილი.
ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 13 ოქტომბრამდე გრძელდება.