ღონისძიება აფხაზური ცენტრის ფარგლებში

Meskhi Youth For Unity/ მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის

🔷ორი წელი გავიდა, რაც ა.ა.(ი) პ ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება – ,,ერთობა ხვალისთვის“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, სჯსუში აფხაზური ცენტრი ,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ დაფუძნდა. ცენტრის მიზანი იმთავითვე განსაზღვრული იყო, ხელი შეეწყო ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოებისთვის. ამ ამოცანას სტუდენტურმა ცენტრმა წარმატებით გაართვა თავი. ცენტრის ფარგლებში ჩატარდა არაერთი საინტერესო ღონისძიება.

🔷მორიგ ღონისძიებას აფხაზურმა ცენტრმა 14 თებერვალს უმასპინძლა, სადაც დამსწრე საზოგადოებას აფხაზური ცენტრის წევრებმა ორწლიანი მუშაობის ანგარიში და მეტად საინტერესო და ორიგინალური ღონისძიება წარუდგინეს.

🔷ღონისძიება დაიწყო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, აფხაზური ცენტრის მიერ ორგანიზებული აფხაზურ კულტურასთან დაკავშირებული სივრცეების დათვალიერებით – სპეციალურად გამართულ ოთხ კარავში წარმოდგენილი იყო ლიტერატურული სივრცე, ნახატების სივრცე, ხალხური სამოსისა და საკრავების სივრცე და კულინარიის სივრცე.

🔷კარვების ბოლოს მდგარ ბანერზე კი „აფხაზური ცენტრი – უნივერსიტეტი მშვიდობისთვის!“ სტუმრებმა დააფიქსირეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივის შესახებ სამახსოვრო წარწერები.შემდეგ ღონისძიებამ სააქტო დარბაზში გადაინაცვლა,სადაც აფხაზური ცენტრის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას ორწლიანი მუშაობის ანგარიში გააცნეს და მისასალმებელი სიტყვა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მაკა ბერიძეს გადასცეს.

🔷ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც დედაქალაქიდან ჩამობრძანებული სტუმრები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ახალციხის მერიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი,საჯარო სკოლების დირექტორები და მოსწავლეები, უნივერსიტეტის პროფესურა და სტუდენტები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავჯდომარე – გიორგი ვოლსკი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი – დავით ფაცაცია, სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, პროფესორი მერაბ ბერიძე, აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე გიორგი შერვაშიძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანოიბის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თანამშრომელი – შორენა ახალაია.აუდიტორიისთვის ძალიან ამაღელვებელი იყო ბათუმში მცხოვრები აფხაზის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის – ნატალია ლაზბას მისალმება და აფხაზური ცენტრის აფხაზური ენის მასწავლებელის – ალა კვეკესკირის სიტყვები. ღონისძიებაში მრავლად იყო წარმოდგენილი ლიტერატურულ – მხატვრული პროგრამის ნიმუშები.

🔷ღონისძიების შემდეგ ყველა გამომსვლელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ ახალგაზრდები ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ, ასეთ სამშვიდობო ინიციატივებს აფხაზ თანატოლებთან ურთიერთობაში ალტერნატივა არა აქვს და იმედს იტოვებენ, რომ მესხი ახალგაზრდები თავიანთ საქმიანობას სამომავლოდაც ღირსეულად გააგრძელებენ.