4 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მოხდა ერასმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების – INTEGRITY და CURE-ის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრებისა და მობილობების ანგარიშების წარგდენა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის.
შეხვედრის დასაწყისში ერასმუს+-ის ინსტიტუციურმა მენეჯერმა, პროფესორმა თინა გელაშვილმა ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელშიც ამჟამად ჩართულია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ესენია:
1. INTEGRITY ( Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia)
2. CURE (Multi-faced program for curricular reform that aims to improve the level of curriculum for Civic Education and Principles of Democracy in teacher-training programs in Israel and in Georgia)
3. ASSET (Assessment Tools for new learning environments in higher education institutions)
მიმდინარე წლის აგვისტოში, INTEGRITY-ის ფარგლებში, განხორციელდა ტრენინგი შვედეთში, უფსალას უნივერსიტეტში. ტრენინგი მოიცავდა პლაგიატის პრევენციისთვის სტუდენტური სერვისების დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამავე პროექტის ფარგლებში, შესყიდულ იქნა პლაგიატის აღმომჩენი პროგრამის – „Turnitin”-ის ლიცენზიები. მიმდინარე სემესტრში უნივერსიტეტს გადაეცა 1200 ლიცენზია. შეხვედრაზე დაანონსდა, რომ მომდევნო კვირიდან დაიწყება ტრენინგები პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთათვის, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული „Turnitin“-ი Moodle-ის საშუალებით.
პროექტ CURE -ის ფარგლებში, აგვისტოს თვეში განხორციელდა სპეციალური მობილობა ესტონეთში, ტალინის უნივერსიტეტში. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსმა ვანო ჯანოვმა და ამავე განყოფილების სპეციალისტმა შალვა ოთანაძემ განიხილეს რამდენიმე თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალება, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია სწავლა-სწავლების პროცესში.