2018 წლის 25 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში წინასაახალწლო განწყობა სუფევდა. გაიმართა 2018 წლის ბოლო საზეიმო კონცერტი, რომლის ორგანიზატორი იყო სტუდენტური თვითმმართველობა. სცენაზე იცეკვა უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ახალციხემ“, სტუდენტებმა წარმოადგინეს სახალისო სიტუაციები, სხარტულები, მინიატურები, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუდენტები მირზა ბურძენიძე, რეზო ზუმბაძე, კახა მჭედლიძე, ნათია ღვინიაშვილი, თაკო ზედგინიძე, მადონა ხანოიანცი, ლაშა მესხიძე. უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ სტუდენტებს მიულოცა დამდეგი 2019 წელი და მკლავჭიდში გამარჯვებულ სტუდენტებს გაგა გელაშვილს, გიორგი კუჭუხიძეს, ჰიქმეთ დაბახჩის და დავით მარკოიძეს ერთთვიანი ულიმიტო აბონემენტები გადასცა საჩუქრად.