ამა წლის 4 – 5 მაისს, წყალტუბოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც აკაკი წერეთლის, ზუგდიდის, ბათუმის, სოხუმის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური სფეროს 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: პროფესორი ირმა ქურდაძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი დავით ხობელია, ასოცირებული პროფესორი ნუგზარ თევდორაძე, ასისტენტ-პროფესორი ნინო ბერიძე და მოწვეული მასწავლებელი მარი ნარიმანიძე.
აღნიშნულ უნივერსიტეტებში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ეგიდით დაფუძნებული ბავშვთა უფლებების ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს, სადაც მრავალი საინტერესო ღონისიძიება იმართება ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.
ცენტრების საქმიანობის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ეტაპს პროფესორების პროფესიული განვითარების პროგრამა წარმოადგენს.
შესაბამისად, გამართული ორდღიანი შეხვედრის მთავარი განხილვის თემა პროფესიული განვითარების ეტაპების გაცნობა წარმოადგენდა.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში პროფესორმა ღასან ხალილმა ისაუბრა უფლებებზე დაფუძნებული განათლების მნიშვნელოვნობაზე მომავალი პროფესიონალებისთვის, საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსზე, მის მნიშვნელობაზე და იმპლიმენტაციის მიმართულებებზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციაზე და უნივერსიტეტების პროფესურის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების(სხვადასხვა მიმართულებებით) სილაბუსებში მათ ასახვაზე.
ხაზი გაესვა უსდების ერთობლივად მომზადებული კურსების შესაძლებლობაზეც.
შეხვედრები გაგრძელდება როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ რეჟიმში .