4 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში Erasmus+ -ის პროექტის – CURE (Multi-faced program for curricular reform that aims to improve the level of curriculum for Civic Education and Principles of Democracy in teacher-training programs in Israel and in Georgia) ფარგლებში განხორციელებული მობილობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის დასაწყისში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ -ის ინსტიტუციურმა მენეჯერმა, პროფესორმა თინა გელაშვილმა ვრცლად ისაუბრა პროექტ CURE-ის შესახებ, რომელიც მიმართულია სამოქალაქო განათლების კუთხით საქართველოსა და ისრაელის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურიკულუმების რეფორმის განხორციელებისკენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 11-დან-18 სექტემბრის ჩათვლით, განხორციელდა პირველი მობილობა ფაკულტეტის წარმომადგენელთათვის პოლონეთის ქალაქ კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტში. მობილობის მონაწილეებმა – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა მაკა მურვანიძემ და ამავე ფაკულტეტის მოწვეულმა პედაგოგმა თეონა ჟუჟუნაძემ წარმოადგინეს ანგარიში მობილობის შესახებ და ისაუბრეს მობილობის შედეგად დაგეგმილ აქტივობებზე. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდება სამოქალაქო განათლების ცენტრი, რომელიც მოემსახურება არამარტო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ ნაწილს, არამედ ახალციხის თემსაც.
პრეზენტაციას დიდი გამოხმაურება მოყვა აუდიტორიის მხირდან. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.