PRODIGE ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში

2025 წლის 1–3 დეკემბერს Erasmus+ CBHE PRODIGE (მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში) პროექტის ფარგლებში ქ. თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო სამდღიანი ტრენინგი „სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების გაძლიერება განათლებაში“ (WP4, T4.3).

ტრენინგს უძღვებოდა ხორვატიის ალგებრა ბერნეისის უნივერსიტეტის ექსპერტების გუნდი:

  • მარკო კოვაჩიჩი – ფილოსოფიის დოქტორი, რიეკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კვლევის მეთოდოლოგიის ლექტორი;
  • ივა ჯამბასკი – მაგისტრი, ალგებრა ბერნეისისა და რიეკის უნივერსიტეტის ასოცირებული თანამშრომელი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი.

ტრენინგში მონაწილეობდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი: თეა თათენაშვილი (კოორდინატორი, ექსპერტი/მკვლევარი), ირაკლი ხაჩიძე (ექსპერტი/მკვლევარი) და თამარ კაპანაძე (ექსპერტი/მკვლევარი).

სამი დღის განმავლობაში მონაწილეები მუშაობდნენ შემდეგ თემებზე:

  • სტუდენტების ციფრული უნარების ხარვეზების გამოვლენა;
  • ციფრული ტრანსფორმაციის ევროპული ტენდენციების გააზრება;
  • ონლაინ სწავლებისა და ციფრული პედაგოგიკის თანამედროვე მიდგომები;
  • დასაქმების ხელშეწყობისთვის საჭირო ციფრული კომპეტენციების ინტეგრირება სასწავლო პროცესში;
  • დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისა და ინსტიტუციური სამოქმედო გეგმების შემუშავება.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა პროფესიული და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, ცოდნის გაზიარებასა და ევროკავშირის პრიორიტეტების გათვალისწინებით ციფრული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.