ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის, მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით , მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვარლამ შამათავას სახელობის ახალი სახელობითი სტიპენდია დაინიშნა.
სტიპენდიანტის შერჩევას ახორციელებს უნივერსიტეტი, ფაკულტეტან ერთად.
სტიპენდია ენიშნება მეოთხე ან მეხუთე კურსის წარმატებულ სტუდენტს, თუ მას წინა განვლილ სემესტრებში (საგამოცდო სესიის ძირითად ვადებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ძირითადი ვადის დადგომამდე წარმოდგენილია განცხადება საპატიო მიზეზით, დადასტურებული დოკუმენტურად.)) სრულად აქვს ათვისებული კლინიკურ სასწავლო კურსებში საგანმანათლებლო პროგრამით სემესტრებისთვის განსაზღვრული კრედიტები და განვლილი სემესტრების შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა კლინიკური სასწავლო კურსების მიხედვით შეადგენს 91 ქულას და მეტს. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შემდეგი შესაბამისი ქულები:
- წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (თითო აქტივობა ფასდება 5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 10 ქულისა).
- წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით).
- განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).
სტუდენტი, რომელიც იმავე სემესტრში არის სხვა სახელობითი სტიპენდიის ნომინანტი, მასზე აღნიშნული სტიპენდიის გაცემა არ განიხილება და მას ჩაანაცვლებს სხვა წარმატებული სტუდენტი.
სახელბითი სტიპენდია ინიშნება, წარმატებული ვეტერინარული ფარმაცევტული კომპანია „მეგავეტის“ ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც უნივერსიტეტი მადლობას უხდის კომპანიის ხელმძღვანელობას, ბატონ პაატა კუდუხაშვილს და ვახტანგ ხაჩიძეს უნივერსიტეტის მიმართ თანადგომისა და სტუდენტთა წახალისების ხელშეწყობისათვის.

