მიმდინარე წლის 16–20 მარტს, ქალაქ რენში ფრანგულ-ქართული სასწავლო კვირეული გაიმართა, რომელშიც საფრანგეთისა და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ. ინტენსიური პროგრამა მიზნად ისახავდა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, მობილობის განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ამ ღონისძიებაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მთავარი სპეციალისტი გურანდა მოდებაძე და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან მაკარაძე წარმოადგენდნენ.
კვირის განმავლობაში მონაწილეები სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს დაესწრნენ, მათ შორის რენის უნივერსიტეტში გამართულ ოფიციალურ გახსნას, ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ ინდივიდუალურ კონსულტაციებს, თემატურ სემინარებსა და Erasmus+ KA171 (2025–2028) პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციას. საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, კულტურულმა აქტივობებმა — რენის, სენ-მალოსა და მონ-სენ-მიშელის ტურებმა — მონაწილეებს საშუალება მისცა უფრო ახლოს გაცნობოდნენ საფრანგეთის ისტორიულ და ინსტიტუციურ კონტექსტს.
ვიზიტის ფარგლებში, სჯსუ-ის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს ფრანგ პარტნიორებთან — ინსტიტუციურ ლიდერებთან, პროექტების კოორდინატორებსა და აკადემიურ პერსონალთან. ამ შეხვედრების შედეგად დამყარდა ახალი პროფესიული კონტაქტები, განიხილეს მომავალი პარტნიორობის პერსპექტივები და მოხდა ინოვაციური საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა.
ფრანგულ-ქართულმა სასწავლო კვირეულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების სექტორებს შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა და ახალი გზები გახსნა მობილობის ინიციატივებისა თუ გრძელვადიანი აკადემიური თანამშრომლობისთვის.




