სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ PRODIGE-ის საერთაშორისო პროექტის – „მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში.
ღონისძიებაში, რომელიც მიმდინარე წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სჯსუ-დან მონაწილეობდნენ: პროექტის კოორდინატორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თეა თათენაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნანა ჯღარკავა და პროექტის მკვლევარი, ინფორმატიკის დოქტორი ირაკლი ხაჩიძე.
შეხვედრები ჩატარდა მეექვსე სამუშაო პაკეტის (WP6) – „ციფრული სწავლების დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში“ და ტრენინგის – „ცვლილებების მართვის პროცესის დაუფლება“ (T6.1) ფარგლებში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის კონსორციუმის წევრი, საქართველოს 10 პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრებს უძღვებოდნენ ალგებრა ბერნეისის უნივერსიტეტის (Algebra Bernays University) წამყვანი ექსპერტები:
ლეო მრშიჩი – ალგებრა ბერნეისის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერებისა და კვლევების დარგში, ხორვატიის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების ეროვნული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. იგი არის კომპიუტერული მეცნიერებებისა და ისტ-ის (საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) მკვლევარი; ფლობს ბიზნეს სტატისტიკის მაგისტრისა და საინფორმაციო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს (ზაგრების უნივერსიტეტი). პროფესორი მრშიჩი არის საინფორმაციო და კომპიუტერული მეცნიერებების უვადო სრული პროფესორი, ფინანსებისა და ინფორმატიკის მუდმივი სასამართლო ექსპერტი, IPMA-ს A დონის სერტიფიცირებული პროექტების დირექტორი და IEEE-ს უფროსი წევრი.
ივა მანდეკიჩი – საერთაშორისო გარემოში ოპერაციული და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მართვის 15-წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი. ბრიტანეთის საბჭოში (British Council) მუშაობისას მან წარმატებით უხელმძღვანელა გუნდს ციფრული ტრანსფორმაციის, SAP სისტემის დანერგვისა და კორპორატიული IT ინფრასტრუქტურის გადატანის პროცესში, სადაც მისი ფოკუსი ტექნიკურ შესრულებასა და ადამიანური ფაქტორის ინტეგრაციას შორის ბალანსი იყო. მას ასევე აქვს გერმანიაში მსხვილ საწარმოებთან (Lufthansa Technik, Rolls Royce) ბიზნეს ტრანსფორმაციებისა და ტრენინგების მიმართულებით მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში დიგიტალიზაცია გააზრებულ იქნა როგორც კომპლექსური ინსტიტუციური ცვლილება და არა მხოლოდ ტექნიკური განახლება. ამ პროცესში შეფასდა უნივერსიტეტების ციფრული მზაობა, განისაზღვრა მმართველობითი მექანიზმები და ტრანსფორმაციის ოპტიმალური მოდელი. ასევე შეიქმნა დაინტერესებულ მხარეთა რუკა, გამოვლინდა პერსონალის შესაძლო წინააღმდეგობის მიზეზები და დაიგეგმა მათი დაძლევის კონსტრუქციული სტრატეგიები.
ამავდროულად შემუშავდა ინსტიტუციური ცვლილებების თანმიმდევრული გეგმა კონკრეტული ვადებით, რესურსებით, ბარიერების იდენტიფიცირებითა და შემდგომი ნაბიჯებით, რაც მოიცავს სწრაფი გამარჯვებების (Quick Wins) მიდგომასაც. ციფრული სწავლება დაუკავშირდა ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სტუდენტზე ორიენტირებული კურსების დიზაინს, რომლებიც სპეციალური საკონტროლო სიების მეშვეობით გადაიხედა. საბოლოოდ, ჩამოყალიბდა მიკროსერთიფიკატების კონცეფცია და შემუშავდა პროექტის გრძელვადიანი მდგრადობის გეგმა საუნივერსიტეტო სტრუქტურებში მისი სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის.







