სამუშაო შეხვედრა DECEP-ის ფარგლებში

24 და 25 თებერვალს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა ERASMUS-EDU-2024-CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში ადრეული ბავშვობის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება“ (Development of Early Childhood Educational Programs in Georgian Universities – DECEP) პირველი სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ადრეული განათლების თვალსაზრისით საქართველოს უნივერსიტეტების საჭიროებები და საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები, პროექტის განხორციელების ეტაპები და საშუალებები. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები და შეხვედრები.

პროექტი მიზნად ისახავს ადრეული განათლების საბაკალავრო და სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. პროექტის ამოცანებია საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თანამედროვე სასწავლო მასალისა და ღია წვდომის მრავალფეროვანი დიგიტალური რესურსებისა და საუნივერსიტეტო ქსელის შექმნა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება და ადრეული განათლების თვალსაზრისით ცნობიერების ამაღლება.

პროექტის კოორდინატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი. პროექტი ხორციელდება პარტნიორი უნივერსიტეტების მხარდაჭერითა და მონაწილეობით: იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი), ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა).