სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) იურიდიული ფაკულტეტის (შემდგომში – ფაკულტეტი) საბჭოს 2025 წლის 18 ნოემბრის N11.2 გადაწყვეტილების საფუძველზე, ცხადდება არჩევნები უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად.
1. არჩევნების ვადები
- კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყება: 2025 წლის 25 დეკემბერი
- კანდიდატთა რეგისტრაციის დასრულება: 2026 წლის 16 იანვარი, 18:00 საათი.
- სამოქმედო გეგმის განხილვა ფაკულტეტის საბჭოზე: 2026 წლის 27 იანვარი.
- არჩევნების ჩატარების თარიღი: 2026 წლის 10 თებერვალი.
2. კანდიდატთა რეგისტრაციისა და წარსადგენი დოკუმენტაციის წესი
ფაკულტეტის დეკანობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ უნივერსიტეტის კანცელარიაში, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე, და წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; გ) ავტობიოგრაფია (CV); დ) შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი; ე) სამოქმედო გეგმა.
3. დეკანის თანამდებობისთვის დადგენილი მოთხოვნები და არჩევის წესი
- იურიდიული ფაკულტეტის დეკანად შეიძლება აირჩეს იმავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
- იურიდიული ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.
- დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
- არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს ჩატარების დღეს.
4. დეკანის კომპეტენცია
დეკანის კომპეტენცია მოიცავს:
ა) ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობის უზრუნველყოფას; ბ) ფაკულტეტის საბჭოსთვის ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განსახილველად წარდგენას; გ) ფაკულტეტის სტრუქტურისა და დებულების შემუშავებასა და ფაკულტეტის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე პასუხისმგებლობას; ე) ფაკულტეტის საბჭოს სხდომების თავმჯდომარეობას; ვ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებაზე პასუხისმგებლობას; ზ) წელიწადში ორჯერ აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოსთვის დეკანის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას; თ) უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.
დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.
📞 საკონტაქტო ინფორმაცია
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
- ტელ: 599 61 16 81
- საკონტაქტო პირი: ლამზირა კობაიძე (საარჩევნო კომისიის მდივანი)
