მიმდინარე წლის 2–10 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით პასუხისმგებელი პირი — გურანდა მოდებაძე, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი — ასმათ ევსაია და ასოცირებული პროფესორი მაკა მურვანიძე, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აკადემიური მობილობით ტამპერეს უნივერსიტეტში (ფინეთი) იმყოფებოდნენ.
აღნიშნული ვიზიტი სრულად იყო დაფინანსებული Erasmus+ გრანტით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროგრამის მნიშვნელობას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით. მობილობის ძირითადი მიზანი მონაწილეთა აკადემიური და პროფესიული განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ინგლისური ენის სწავლებისა და აკადემიური წერის თანამედროვე მიდგომების გაღრმავება იყო.
სტუდენტები ერთი კვირის განმავლობაში ესწრებოდნენ ინტენსიურ ტრენინგკურსს, რომელიც მოიცავდა აკადემიურ წერას, აკადემიური დისკურსის თავისებურებებსა და მსოფლიო ინგლისურის (World Englishes) სხვადასხვა ფორმისა და გამოყენების სიღრმისეულ შესწავლას. პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო და მრავალმხრივი აღმოჩნდა, რადგან მასში ერთიანდებოდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის — განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, იურიდიული, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტები.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს, დაემყარებინათ პროფესიული კონტაქტები საერთაშორისო კოლეგებთან და განეხილათ უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ინოვაციური პრაქტიკები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური წერის უნარების განვითარებას, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდისთვის.
Erasmus+ პროგრამით დაფინანსებული საერთაშორისო მობილობა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. იგი არა მხოლოდ ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს, არამედ აქტიურად უწყობს ხელს კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებას, ცოდნის გაცვლასა და საგანმანათლებლო სივრცის გლობალურ ინტეგრაციას. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად ზრდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ხილვადობას და აუმჯობესებს აკადემიური სწავლების ხარისხს.






