სამუშაო შეხვედრები ვილნიუსის უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 19-23 მაისს, ERASMUS-EDU-2024-CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის — „საქართველოს უნივერსიტეტებში ადრეული ბავშვობის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება“ (Development of Early Childhood Educational Programs in Georgian Universities – DECEP) — ფარგლებში, ვილნიუსის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრები ჩატარდა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს:
  • განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირმა ქურდაძემ;
  • მოწვეულმა მასწავლებელმა ქეთევან ნარიმანიშვილმა;
  • ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მოწვეულმა მასწავლებელმა მარი ნარიმანიძემ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კოლეგებს ადრეული განათლების პროგრამების შემუშავების პროცესში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრებზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ვილნიუსისა და ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტებში არსებული პროგრამების („ადრეული განათლება“ და „სკოლამდელი განათლება“) შიდა სტრუქტურა და მათი განხორციელების მექანიზმები. სამუშაო სესიების ერთ-ერთ მთავარ თემას საბავშვო ბაღის მომავალი მასწავლებლების სასწავლო პროგრამებში ინტერდისციპლინური ინტეგრაციისა და კოგნიტური და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების თანხვედრის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხებს:
  • სოციალურ-ემოციური სწავლება (SEL) ადრეულ განათლებაში: შესაბამისი კომპეტენციები, მათი ინტეგრაცია სასწავლო გეგმაში, ციფრული ტექნოლოგიები, ონლაინ სწავლების მეთოდები და სასწავლო რესურსები;
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ინსტრუმენტები: მათი გამოყენება სტუდენტური აქტივობებისთვის, კონტენტის შექმნა, დავალებების შემუშავება, შეფასება და თვითშეფასება.

პროექტის მონაწილეები ესტუმრნენ ვილნიუსის „Vydūnėlis“-ის საბავშვო ბაღს, სადაც უშუალოდ დააკვირდნენ სოციალურ-ემოციური სწავლების (SEL) პროგრამების პრაქტიკაში განხორციელების პროცესს. გარდა ამისა, შედგა სამუშაო ვიზიტი ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, სადაც ადრეული განათლების პროგრამის სტუდენტები პრაქტიკული რესურსების გამოყენებას სწავლობენ.