30 ივნისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „მათემატიკის ოლიმპიადა 2026“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ოლიმპიადაში I, II და III ადგილების მფლობელ 21 მოსწავლეს გადაეცა მედლები და სერტიფიკატები.
იხილეთ ოლიმპიადის შედეგები
თასები და მადლობის სიგელები გადაეცათ სსიპ – ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის დირექტორს ჟუჟუნა გოგოლაურს და სსიპ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექტორს ჰაიასტან მოვსესიანს.
სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცა სსიპ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგს, ანჟელა მარუქიანს, მათემატიკის ოლიმპიადის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის, მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მოსწავლეთა წარმატებული მომზადებისთვის. ასევე, საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ პედაგოგები, რომლებმაც ოლიმპიადაში მოსწავლეთა წარმატებული მონაწილეობის უზრუნველყოფასა და მათ მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
ოლიმპიადის დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი ალექსანდრე თევზაძე, ასევე თეიმურაზ კვერნაძე, ვაჟა ყულიჯანიშვილი და ბიძინა ჩარგეიშვილი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა, ბატონმა ალექსანდრე თევზაძემ, წარმატებული სკოლების დირექტორების დასაჯილდოებლად უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა ორი თასი, ასევე საპატიო სიგელი ყველაზე წარმატებულ პედაგოგს.
მედლები, სერტიფიკატები, თასები და მადლობის სიგელები გამარჯვებულებს გადასცეს უნივერსიტეტის რექტორმა, ეკონომიკის დოქტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ, საინჟინრო, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორმა ლევან მაკარაძემ და ოლიმპიადის ორგანიზატორმა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა რევაზ ჭიღლაძემ, ობსერვატორიის დირექტორმა, ბატონმა ალექსანდრე თევზაძემ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ოლიმპიადის ყველა მონაწილეს, პედაგოგსა და სკოლების ადმინისტრაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ხოლო გამარჯვებულებს მომავალ საქმიანობასა და სწავლაში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს.




