ტამპერეს უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი

მიმდინარე წლის 21-23 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ტამპერეს უნივერსიტეტის პროფესორებს — აკადემიური წერის ექსპერტ-მკვლევარ ქეით მორს და განათლების მიმართულების მკვლევარსა და საერთაშორისო პროექტების მენეჯერ იულია შუმილოვას უმასპინძლა. აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარების გზაზე.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, მაკა ბერიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის უკვე დაწყებული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, ერთობლივი საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო ინიციატივების პერსპექტივები და საერთაშორისო პროექტებში პარტნიორობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

სამდღიანი ინტენსიური სატრენინგო პროგრამა აკადემიური წერის კომპეტენციების განვითარებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების გაზიარებას დაეთმო. მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა აკადემიური ტექსტის სტრუქტურირება, სამეცნიერო წყაროების ეთიკური გამოყენება, ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი, არგუმენტირებული მსჯელობის ფორმირება და კვლევითი უნარების გაუმჯობესება. ტრენინგი ასევე მოიცავდა თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების გაცნობას, პრაქტიკულ სესიებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებს, რაც მონაწილეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას აძლევდა.

პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ისე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები. აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უნივერსიტეტში აკადემიური კულტურის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და კვლევითი გარემოს კიდევ უფრო გაძლიერებას.

ვიზიტი დაფინანსდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტამპერეს უნივერსიტეტთან მჭიდრო პარტნიორობით 2019 წლიდან ახორციელებს.