9 ივლისს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას, რომელის თანახმადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს დაფინანსებას საქართველოს საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად.
USAID საბაზისო განათლების პროგრამა ხელს შეუწყობს უნივერსტეტების ჩართულობას ზოგადი განათლების სისტემაში. გაიზრდება მათი, როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრების, შესაძლებლობები საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორებისთვის მოსწავლეზე ორიენტირებული პროფესიული განვითარების აქტივობების პირისპირ და ონლაინ მიწოდების გზით.
USAID საბაზისო განათლების პროგრამა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით, მიზნად ისახავს მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებას. პროგრამა გეგმავს თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემოღებას და ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას. ამასთანავე სკოლებში დაინერგება ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისი სწავლების მეთოდები.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტებია: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი