- ეს წესი განსაზღვრავს სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში – „უნივერსიტეტი“) არსებული სტიპენდიის სახეებს, მათი გაცემის წესსა და კრიტერიუმებს. წესის მიზანია უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართულობის ხელშეწყობა და წახალისება.
- უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის, მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით არსებობს შემდეგი სახის სტიპენდიები:
ა) სახელმწიფო სტიპენდია;
ბ) საუნივერსიტეტო სტიპენდია;
გ) სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაწესებული სტიპენდია;
დ) სახელობითი სტიპენდია.
- სახელმწიფო სტიპენდიის გაცემა ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ (რომელიც ხორციელდება ქვეპროგრამების მეშვეობით: სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს; დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები სტუდენტებს) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებით ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სტიპენდიებით უზრუნველსაყოფად.
- აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი რომელიც დააკმაყოფილებს სახელმწიფო სტიპენდიის მისაღებად განსაზღვრულ კრიტერიუმებს უზრუნველყოფილი იქნება სტიპენდიით, თითოეული სტუდენტისთვის 300 ლარის ოდენობით თვეში.
- „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ქვეპროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი სტიპენდიანტების რაოდენობა პროპორციულად განაწილდება ფაკულტეტების მიხედვით, აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე სტუდენტთა საერთო რაოდენობის გათვალისწინებით.
- სტიპენდიანტთა შერჩევას, სამინისტროს მიერ განსაზღვრული სტიპენდიანტთა რაოდენობის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტი ამ წესით გამოთვლილი ქულების რანჟირებით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.
- სტიპენდია ენიშნება წარმატებულ სტუდენტს, თუ მას წინა სემესტრში (საგამოცდო სესიის ძირითად ვადებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ძირითადი ვადის დადგომამდე წარმოდგენილია განცხადება საპატიო მიზეზით, დადასტურებული დოკუმენტურად.)) სრულად აქვს ათვისებული საგანმანათლებლო პროგრამით სემესტრისთვის განსაზღვრული კრედიტები და წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა შეადგენს 91 ქულას და მეტს. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:
– წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (თითო აქტივობა ფასდება 5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 10 ქულისა).
– წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით), იმიტირებული სასამართლო პროცესი (აქტივობა ფასდება 2 ქულით).
– განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).
- იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი ამ წესის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სრულად ვერ აითვისებს სამინისტროს მიერ გამოყოფილ სტიპენდიატთა რაოდენობას, აუთვისებელი სტიპენდიების რაოდენობის ფარგლებში სტიპენდია დაენიშნება სტუდენტს, რომლის წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა ნაკლებია 91 ქულაზე. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:
– წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში
(თითო აქტივობა ფასდება 5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 10 ქულისა).
– წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით), იმიტირებული სასამართლო პროცესი (ფასდება 2 ქულით).
– განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).
- მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ სტიპენდიანტთა შერჩევისას, თუ ბოლო ადგილზე თანაბარი ქულა აქვს რამდენიმე სტუდენტს, უპირატესობა მიენიჭება შემდეგ თანმიმდევრობას:
– წინა სემესტრის შეფასების მაღალ საშუალო არითმეტიკულ ქულას;
– სოციალურად მოწყვლად ჯგუფს;
– სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობას;
– სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობას.
- სტიპენდიით დაფინანსების უფლების მქონე პირთა განსაზღვრა ხორციელდება ყოველი სემესტრში, წინა სემესტრის მონაცემების საფუძველზე.
- სტიპენდიის მფლობელი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტისას სტიპენდიის გაცემა შეწყდება. ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გაუცემელი თანხის სხვა სტუდენტისთვის სტიპენდიის სახით დანიშვნის შესახებ.
- 50 სტუდენტს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ ვერ მოხვდნენ სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამაში, ამასთან წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა არ არის ნაკლები 85 ქულაზე. დაენიშნებათ საუნივერსიტეტო სტიპენდია.
- სხვა ორგანიზაციიდან სტიპენდიების დანიშვნის შემთხვევაში, სტიპენდიის დანიშვნის წესსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს თავად დონორი ორგანიზაცია ან/და დონორ ორგანიზაციასა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
- სახელობითი სტიპენდიას და მის მისაღებად საჭირო კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
- სახელობითი სტიპენდიის მფლობელთა შერჩევა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი „წახალისებისა და მხარდაჭერის ფარგლებში სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა შესარჩევი კომისიის“ მიერ.