ხარისხიანი განათლება დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობისა და ღია საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა. დღეს, უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული განათლების სისტემის განვითარებისა და აკადემიური კულტურის ხელშეწყობის პროცესში.
2017 წლის 15 ოქტომბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტი EU-ERASMUS+ INTEGRITY- „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში“, სადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ პარტნიორ უნივერსიტეტს საქართველოს 11 უსდს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და 4 ევროპულ უნივერსიტეტებს(დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ირლანდია, ავსტრია) შორის.
სტუდენტთა ინფორმირების იზნით, სასწავლო წლის დასაწყისში EU-ERASMUS+ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი დაფინანსებით, დაიბეჭდა საცნობარო ფლაერები, სადაც მოკლე ინფორმაციაა გადმოცემული პლაგიატის, მისი პრევენციისა და რეკომენდაციების შესახებ.
16 სექტემბერს, სტუდენტებთან საზეიმო შეხვედრაზე, საერთაშორისო პროექტ EU-ERASMUS+ INTEGRITY-ის მენეჯერმა თინა გელაშვილმა და პროექტის სხვა მონაწილეებმა საცნობარო ფლაერები დაურიგა ყველა პირველკურსელს.
ამავე დღეს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებთან შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია როგორც საბიბლიოთეკო სერვისებზე, ასევე პლაგიატისა და მასთან ბრძოლის მექანიზმებზე.
პირველკურსელებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ამ ინფორმაციის გაჟღერება, ბევრმა მათგანმა არც იცოდა რა იყო პლაგიატი და თუ რატომ უნდა ვებრძოლოთ პლაგიატს. აღნიშნული შეხვედრები გაგრძელდება ყველა ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
პლაგიატთან დაკავშირებული საკითხები და სანქციები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგულირდება აკადემიური კეთილსინდისიერების კოდექსით, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტი EU-ERASMUS+ INTEGRITY “აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)” ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ პლაგიატის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლიდან დაინერგა პლაგიატის ამოცნობის სპეციალური პროგრამა (Turnitin), რომელიც ტექსტებს შორის მსგავსების დადგენას და პლაგიატის აღმოჩენას ემსახურება.