“ილიაობას” სამცხე-ჯავახეთის მხარემ უმასპინძლა

2 აგვისტოს, ილია ჭავჭვაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში “ილიაობის” დღესასწაული გაიმართა.

წელს, მასპინძელი რეგიონი სამცხე-ჯავახეთის მხარე გახლდათ. მას შემდეგ რაც, დამსწრე საზოგადოებას მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე მიესალმა, ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ახალციხე“ მიერ შესრულებული ცეკვით დაიწყო.

ილიაობა მიულოცეს და სტუმრებს მიესალმნენ: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში პროფესორი მერაბ ბერიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებული ელზა რაისიანი, გაზეთის „ლიტერატურული მესეთი“ რედაქტორი ავთანდილ ბერიძე.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ანდრო ბედუკაძეს მადლობის სიგელი გადასცა. ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრით წარსდგნენ: ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“, იტალიის ბრუნო მადერნას კონსერვატორიის მაგისტრანტი თამარ ოთანაძე, ვოკალური ჯგუფი „ოქტავო“. ღონისძიების დასასრულს გაიმართა მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოყვაწე ხელოვანების ნამუშევრები: ნახატები, ხელნაკეთი ნივთები და ფარდაგები. სივრცე დაეთმო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წიგნებსა, სასწავლებლის გამოცემებსა და გაზეთს „მესხეთის უნივერსიტეტი“.

საღამოს უძღვებოდნენ მარი ნარიმანიძე და თორნიკე ბერიძე.

“ილიაობის” დღესასწაული 2014 წელს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ანდრო ბედუკაძის ინიციატივით აღდგა. განახლებული ფორმატის მიხედვით ყოველი წლის 2 აგვისტოს, “ილიაობის” მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული კუთხეები ხდებიან. ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ილიას სახლი სრულიად საქართველოს სახლია.

იხილეთ რექტორის მიმართვა