2018 წლის 3-4 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამცხე-ჯავახეთის ინგლისური ენის მასწავლებელთა რიგით მე-5 კონფერენცია თემაზე – „ახალი სტრატეგიები და ტექნიკები მრავალფეროვან საკლასო ოთახში ინგლისური ენის სწავლების და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისთვის“.
კონფერენცია განხორციელდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიპოვა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გულიკო ჯანოვამ და ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა მაკა მურვანიძემ.
კონფერენციას ორგანიზებას უწევდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) ახალციხის ფილიალი. გამომდინარე იქიდან, რომ კონფერენციის თემა იყო სამოქალაქო განათლება, მის ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ სჯსუ-ში ერასმუს+-ის ორი მიმდინარე პროექტის (ASSET და CURE) წარმომადგენლები.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის მოწვეულმა პედაგოგებმა და სტუდენტები. ასევე, წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ETAG-ის გორის ფილიალის მასწავლებლები, წარმომადგენლები ბათუმიდან, აშშ-ის საელჩოდან, და “მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები, მათ შორის მისტერ კევინ ბესერი, რომელიც, ამჟამად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფოლოლოგიის მიმართულებაზე მოღვაწეობს.
მასწავლებლებს კონფერენციაში მონაწილეობის მიღება ორი მიმართულებით შეეძლოთ – როგორც მონაწილეს და როგორც დამსწრეს. სესიებისთვის შერჩეული თემები წამოადგინეს როგორც ქართველმა, ისე უცხოეულმა მონაწილეებმა. კონფერენცია ორი დღე გრძელდებოდა და მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 90-მდე ინგლისური ენის მასწავლებელმა.
კონფერენცია ტრადიციულად გახსნა ქ-მა გულიკო ჯანოვამ. მოწვეულ სტუმრებსა და მასწავლებლებს მიესალმა და წარმატებები უსურვა სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ბერიძემ და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გულიკო ბექაურმა. პლენარული სესიები წარმართეს ერასმუს+ის ინსტიტუციურმა კოორდინატორმა, პროფ. თინა გელაშვილმა და ETAG საქართველოს წარმომადგენელმა, პროფ. ლელა აბდუშელიშვილმა.