აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, პირველი წლის აქტივობების წარმატებით განხორციელების შემდეგ, ხელი მოეწერა მეორე წლის საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი გააგრძელებს საქართველოს საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.
USAID საბაზისო განათლების პროგრამა ახორციელებს თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემოღებას და ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტებია: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.