Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი სჯსუში

10 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა.

საზეიმო ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, Horizon Europe-ის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი მაია ოკუჯავა, მენეჯმენტის სკოლის დირექტორი ნინი შენგელია, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინდია ოკუჯავა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღესვე, შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორი მაკა ბერიძემ წარადგინა Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის კოორდინატორი მერი სახამბერიძე.

სტუმრებს მიესალმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, რომელმაც მიმოიხილა სასწავლებლის განვითარების ისტორია დაარსებიდან დღემდე. ოფისის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში პროფესორმა მერაბ ბერიძემ. ასევე, რეგიონში კვლევითი ცენტრის არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა და ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა. შეხვედრის ბოლოს, დამსწრეებმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს და ოფისს წარმატებულად ფუნქციონირების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

საგრანტო ოფისის ფუნქცია იქნება ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა და საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა. ეროვნული ოფისის მისიაა ევროკავშირსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.