საჯარო ლექცია მესხეთის ქრისტიანულ ისტორიაზე

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა საჯარო ლექცია. მეცნიერებისა და სადოქტორო პროგრამების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ ისაუბრა თემაზე — „ანდრია მოციქული და მესხეთი“.

ანდრია მოციქული საქართველოში ყოვლადწმინდა მარიამის კურთხევითა და დავალებით გამოემართა, რათა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ქრისტიანობა ექადაგა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოციქულის გზას მესხეთში. წმინდა ანდრია პირველწოდებული სამცხის ტერიტორიაზე დიდაჭარის გავლით შემოვიდა; იგი თან მოაბრძანებდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელ ხატს. ლექციაზე ხაზი გაესვა იმ ისტორიულ კვალს, რომელიც მოციქულმა ჩვენს რეგიონში დატოვა — აწყურის ღვთისმშობლის ხატის ისტორიასა და იმ სულიერ გარდატეხას, რომელიც მესხეთიდან დაიწყო და მოგვიანებით მთელ საქართველოში გავრცელდა.

პროფესორმა ასევე ისაუბრა რეგიონის ტოპონიმიაში შემორჩენილ კვალზე, რომლის ნათელი მაგალითიცაა სოფელი ანდრიაწმინდა და წმინდა ანდრიას სახელობის ტაძარი, რომელიც წარმოადგენს იმ სულიერი ტრადიციის ცოცხალ დადასტურებას, წმინდა ანდრიამ მესხეთში ქადაგებისას რომ დაამკვიდრა.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ვახტანგ თაქთაქიძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი მაკა ბერიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ბუცხრიკიძე, დეკანები, თანამშრომლები და აკადემიური თუ პროფესიული პროგრამების სტუდენტები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მესხეთის, როგორც ქრისტიანობის გავრცელების პირველი კერის, სტრატეგიულ და კულტურულ მნიშვნელობას.