
პროექტი „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE) მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერებას ციფრული რესურსებისა და თანამედროვე, მოწინავე მეთოდების დანერგვით, რათა ძლიერი შეფასების ინსტრუმენტებისა და პრაქტიკის გამოყენებით გაუმჯობესდეს კვლევის ხარისხი, გავლენა და ეფექტიანობა.
პროექტმა ERIC-GE-მ ევროკომისიის დაფინანსება 2025 წელს, 355 977 ევროს ოდენობით მოიპოვა და დაგეგმილ მიზნებს შემდგომი ორი წლის განმავლობაში განახორციელებს. პროექტის კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი.
პროექტის პარტნიორები არიან ხუთი ქართული უნივერსიტეტი — ახალი უმაღლესი სასწავლებელი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი ალტერბრიჯი, ასევე ორი უცხოური უნივერსიტეტი: ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტი და პალერმოს უნივერსიტეტი.
პროექტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტიანად შეაფასონ თავიანთი კვლევითი საქმიანობა, გამოავლინონ ზრდის შესაძლებლობები და შეუსაბამონ თავიანთი საქმიანობა ევროკავშირის სტანდარტებს. მთლიანობაში, პროექტი შექმნის მყარ საფუძველს აკადემიური ხარისხის, კვლევითი სრულყოფისა და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად ციფრული ინსტრუმენტებისა და რესურსების გამოყენებით.
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერმზომელობის დანერგვა, რათა გაძლიერდეს მაგისტრანტთა და დოქტორანტთა კვლევითი უნარები და გაფართოვდეს აკადემიური პერსონალის ცოდნა. პროექტის საშუალებით მონაწილეები შეიძენენ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც საჭიროა მეცნიერმზომელობითი ანალიზის ჩასატარებლად, მოწინავე კვლევითი მეთოდოლოგიების გამოსაყენებლად და ამ მიდგომების სასწავლო და კვლევით საქმიანობაში ინტეგრირებისთვის.
