მიმდინარე წლის 9–10 ივლისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა Erasmus+ Capacity Building in Higher Education (CBHE) პროექტ ERIC-GE-ის მეორე ეროვნული შეხვედრა.
შეხვედრას პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ქალბატონი მაკა ბერიძე, Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტ ERIC-GE-ის მენეჯერი გურანდა მოდებაძე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ხათუნა კვინცხაძე და პროექტის გუნდის წევრი ლიკა ზაზაშვილი.
შეხვედრის სესიებს უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი ორგანიზაცია – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი ხუთი ქართული უნივერსიტეტის რექტორები, პრორექტორები და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამუშაო სესიებსა და დისკუსიებში.
ეროვნული შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს პროექტის ფარგლებში მომზადებული ანგარიშები, შეაფასეს მიღწეული შედეგები და იმსჯელეს მომდევნო თვეებში განსახორციელებელ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული შეხვედრის ორგანიზება განხორციელდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატისა და ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერით. მათი აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროექტით გათვალისწინებული აქტივობების ეფექტიან განხორციელებას და უნივერსიტეტში საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.








