სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი Erasmus+ PRODIGE-ის პროექტის ფარგლებში გამართულ საკოორდინაციო ღონისძიებაში – მენეჯმენტის პირისპირ შეხვედრაში (T1.3.4) მონაწილეობდა.
ღონისძიება 2026 წლის 2 ივლისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარტნიორებს შორის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში სჯსუ-დან მონაწილეობდა პროექტის კოორდინატორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თეა თათენაშვილი.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის – EFMD-ის ექსპერტები:
დოქტორი კრისტოფ ტერასი (Dr. Christophe TERRASSE) – პროექტის ხელმძღვანელი, T5.2 მოდულის მენტორი და ტრენერი, საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის დირექტორი. მას აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (HEI) მენტორობის მრავალწლიანი გამოცდილება პროგრამული და ინსტიტუციური ხარისხის უზრუნველყოფის (QA) პროცესების დანერგვის მიმართულებით, აგრეთვე ჩატარებული აქვს ტრენინგები უმაღლეს განათლებაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მოდერნიზაციის საკითხებზე.
ჟან-ბატისტ მაიარი (Jean-Baptiste MAILLARD) – პროექტის მენეჯერი, პროექტის მართვის გუნდის (PMT) წევრი და ექსპერტი, საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის უფროსი მენეჯერი. უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების (CBHE) პროექტების ყოფილი კოორდინატორი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული კავკასიის რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კოლეგთა შეფასების (Peer-Review) ვიზიტებში.
შეხვედრაზე სამუშაო პაკეტების მიხედვით განიხილეს აქტუალური საკითხები და დაიგეგმა მომდევნო 6 თვის სამოქმედო აქტივობები:
მარეგულირებელი ჩარჩოს განახლება (WP5): საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის უფროსმა, მაია შუხოშვილმა, ისაუბრა სამუშაო პაკეტის (WP5) ფარგლებში მომზადებულ, ციფრული განათლების განლაგების მარეგულირებელი პაკეტის პირველ ვერსიაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი მოიცავს საქართველოში ციფრული განათლების შესახებ არსებული კანონმდებლობისა და სახელმწიფო ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტების ანალიზს, სფეროს დაინტერესებული მხარეების (სტეიკჰოლდერების) საჭიროებების მიმოხილვასა და ამ მიმართულების შემდგომი განვითარების ოპტიმალური გზების განსაზღვრას.
ციფრული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა (WP7): განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა ზივზივაძემ, წარმოადგინა მოხსენება WP7 პაკეტის („ციფრული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“) და მისი კონკრეტული კომპონენტის – T7.1 აქტივობის („ციფრული განათლების ეროვნული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება“) შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ ცენტრი აქტიურად მართავს დისკუსიებსა და კონსულტაციებს უმაღლეს სასწავლებლებთან და სამინისტროსთან. თანამშრომლობის მიზანია მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გადახედვა, მისი გაძლიერება ციფრული განათლების (DE) სპეციფიკის გათვალისწინებით, ასევე ESG 2027-ის (უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები) დოკუმენტის პროექტის განხილვა და ეროვნული ჩარჩოს მასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები და შეაჯამეს მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები.




