სჯსუს წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი ესპანეთში

26-30 მაისს,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, პროექტის კოორდინატორი თეა თათენაშვილი და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალვრო პროგრამის მოწვეული მასწავლებელი თამარ კაპანაძე Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE)  ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ესპანეთში, მადრიდის  დისტანციური განათლების ეროვნულ უნივერსიტეტში (UNED), სადაც მონაწილეობა მიიღეს პროექტ PRODIGE-ის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში. საქართველოს ინსტიტუციური დელეგაცია, შედგებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სააგენტოს (NCEQE) და ათი ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან.  შეხვედრა წარმოადგენდა მნიშვნელოვან ნაბიჯს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და საქართველოს უმაღლესი განათლების ციფრული ტრანსფორმაციისთვის.

პროექტის კოორდინატორია EFMD (ევროპის მენეჯმენტის განვითარების ფონდი).

შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ციფრული უმაღლესი განათლების კუთხით არსებული ევროპული პრაქტიკის გაცნობა და საქართველოში აღნიშნული მიმართულების განვითარების პერსპექტივებზე კონსულტაციების გამართვა.

აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიული მიდგომის განსაზღვრისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

ხუთი ინტენსიური დღის განმავლობაში, საქართველოს დელეგაციამ სიღრმისეულად გაიცნო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო მოდელი, შეისწავლა მისი მოწინავე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ინოვაციური სწავლების მეთოდოლოგიები, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები, ასევე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო შეთავაზებები და სტუდენტური დახმარების სერვისები.  

პირისპირ შეხვედრების, ტექნიკური ვიზიტებისა და დიალოგის სივრცეების კომბინაციამ ხელი შეუწყო ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, რაც აუცილებელია საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის ინსტიტუციური განვითარებისთვის, საქართველოში ონლაინ უმაღლესი განათლების მომავლის შემუშავებისთვის, სადაც დისტანციური განათლება ჯერ ოფიციალურად არ არის აღიარებული.

სამწლიანი PRODIGE პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს განათლების სისტემის მოდერნიზაციას და მის 21-ე საუკუნის გლობალურ ტენდენციებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამ მიზნით, ის ფოკუსირებულია ციფრული განათლების მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნაზე, უნივერსიტეტის პერსონალის მომზადებასა და დისტანციური სწავლების 50 მოდულის შემუშავებაზე.

შეხვედრებს კოორდინაციას უწევდა UNED-ს ინტერნაციონალიზაციისა და მულტილინგვიზმის საკითხებში პრორექტორის ოფისის ინტერნაციონალიზაციისა და თანამშრომლობის ტექნიკური ოფისი (OTIC), მხარს უჭერდნენ საგანმანათლებლო ინოვაციების საკითხებში პრორექტორის ოფისი, სტუდენტებისა და ინკლუზიის საკითხებში პრორექტორის ოფისი, უწყვეტი განათლებისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთობის პრორექტორის ოფისი, ხარისხისა და აკრედიტაციის საკითხებში პრორექტორის ოფისი, დისტანციური სწავლების იუნესკოს კათედრა, UNED-ის მედია აუდიოვიზუალური მედია ცენტრი, UNED-ის ტექნოლოგიური ცენტრი (CTU), კომპიუტერული ინჟინერიის უმაღლესი ტექნიკური სკოლა, ციფრული და დისტანციური ენების ცენტრი (CUID), დასაქმების ინფორმაციისა და ხელმძღვანელობის ცენტრი (COIE), მადრიდის „Escuelas Pías“ ასოცირებული ცენტრი, სეგოვიას ასოცირებული ცენტრი და პონფერადაში მდებარე UNED-ის ტექნოლოგიური ცენტრი (INTECCA).