საბიბლიოთეკო რესურსების გაცნობითი ვორქშოპი

ტრადიციულად, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ, ტარდება ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები პირველკურსელებისა და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისთვის. შეხვედრის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ბიბლიოთეკის სარგებლობის წესს, სტუდენტთა მომსახურების სერვისებს, საერთაშორისო ელექტრონული ბაზების მოხმარებისა და ონლაინ დისტანციური წვდომის RemoteXs- ის პორტალის შესაძლებლობებს, საბიბლიოთეკო ელექტრონული რესურსების მოხმარებისა და გამოყენების წესებს.

სწორედ ამ მიზნით 2026 წლის სექტემბრის თვეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ხათუნა კვინცხაძემ, ჯერ ახალციხეში, ხოლო შემდგომ ახალქალაქში ბაკალავრიატისა და პროფესიული პროგრამების პირველკურსელებისთვის ჩაატარა ვორქშოპი საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებზე წვდომისა და გამოყენების შესაძლებლობების შესწავლის მიზნით. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია თუ როგორ უნდა ისარგებლონ სხვადასხვა საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ბაზებზე წვდომის უფლებით, ასევე მიწოდათ ინფორმაცია ამ ბაზებზე განთავსებულ მათთვის საინტერესო რესურსებზე (სტატიები, წიგნები, ვიდეო და აუდიო მასალები და ა.შ.), ყველა დარგში: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და ეკონომიკა, იურიდიული, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, განათლება, ინჟინერია, ჯანდაცვა და სხვა მიმართულებები.

ხოლო ETHICS – Erasmus+ პროექტის (კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა–კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS) ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია  საჭირო, სანდო წყაროების სწორად გამოყენების, პლაგიატის და პლაგიატისაგან დაცვის სხვადასხვა მექანიზმების შესახებ.