28-30 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა რეგიონულ უნივერსიტეტებს პროექტის – კვლევის განვითარების პროცესის მონიტორინგისა და მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ უნივერსიტეტებში – ფარგლებში.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ თეა თათენაშვილი, ნინო ბერიძე და მარიამ კენჭოშვილი.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს რეგიონულ უნივერსიტეტებში, ლოკალურ პრობლემებზე მორგებული საჭიროებების გადაჭრის გზების ძიებას და უნივერსიტეტების მხარდაჭერას ადმინისტრაციული რესურსის პროფესიული განვითარების მიმართულებით.
შეხვედრებზე წარმოდგენილი იყვნენ ქუთაისის, თელავის, სამცხე-ჯავახეთის, ბათუმის და ზუგდიდის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრები შეეხებოდა კვლევის კომერციალიზაციის, კვლევითი პროექტების დაგეგმვა/განხორციელებისა და სადოქტორო განათლების საკითხებს. კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით წარმართულ შეხვედრებში მონაწილეები გაეცნენ ამ კუთხით არსებულ ვითარებას როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალური მასშტაბით, იმსჯელეს პრობლემებზე და დასახეს მათი გადაჭრის გზები.
პროექტის დასრულებამდე დაგეგმილია კიდევ ერთი აქტივობა კვლევის ხარისხის შეფასების მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი უნივერსიტეტების მონაწილეები მიღებულ ცოდნას გააზიარებენ საკუთარ ინსტიტუციებში, პროექტის დასრულებამდე იგეგმება ერთობლივი, კვლევითი ქსელის ჩამოყალიბება.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მადლობას მოვახსენებთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის და საინტერესო პროექტის ორგანიზებისთვის!