სჯსუს დელეგაცია ხორვატიაში-PRODIGE

მიმდინარე წლის 25–29 მაისს, Erasmus+-ის საერთაშორისო სტრუქტურული პროექტის — „ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE)“ ფარგლებში, ალგებრა ბერნაისის უნივერსიტეტმა (ზაგრები, ხორვატია) საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

სასწავლო ტურში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ პროექტის კოორდინატორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თეა თათენაშვილი და პროექტის მკვლევარი, ინფორმატიკის დოქტორი ირაკლი ხაჩიძე.

ვიზიტის მთავარი ფოკუსი უკავშირდებოდა უმაღლეს განათლებაში ციფრულ ტრანსფორმაციას. თემატიკა მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს:

  • ციფრული კომუნიკაციის ეკოსისტემები, ბრენდინგი და ხელმისაწვდომობა.
  • ევროკავშირის სტრატეგიული ჩარჩოები (ციფრული განათლების სამოქმედო გეგმა) და ევროკავშირის პროექტები (ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ბაზები, მდგრადობა).
  • ონლაინ, ჰიბრიდული სწავლების მოდელები და სასწავლო მართვის სისტემები (LMS).
  • სტუდენტური საინფორმაციო სისტემები (InfoEduka) და მოწინავე ანალიტიკა (ALBON პლატფორმა).
  • მიკროსერთიფიკატები, ევროპული სტანდარტები და შერეული ინტენსიური პროგრამები (BIPs).
  • ეროვნული საგანმანათლებლო პოლიტიკა, ხარისხის უზრუნველყოფა და ციფრული/გამოთვლითი ინფრასტრუქტრურა ხორვატიაში.

სასწავლო ტურის ფარგლებში ასევე შედგა მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები ხორვატიის წამყვან ინსტიტუციებში:

  • ხორვატიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო (MZOM);
  • მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სააგენტო (AZVO);
  • ხორვატიის აკადემიური და კვლევითი ქსელი (CARNET);
  • უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი (SRCE)

პროექტ PRODIGE-ის ფუნდამენტურ ამოცანას საქართველოში უმაღლესი განათლების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მიღწევა ხორციელდება კომპლექსური მიდგომით, რაც, ერთი მხრივ, მოიცავს შესაბამისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების სრულყოფის მხარდაჭერას, ხოლო, მეორე მხრივ — ადგილობრივი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას.

აღნიშნული მასშტაბური ინიციატივა ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, რომელშიც სინერგიულად არიან ინტეგრირებულნი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და ათი ადგილობრივი უნივერსიტეტი. პროექტის საერთაშორისო კონსორციუმის მდგრადობასა და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობას უზრუნველყოფენ პარტნიორი ორგანიზაციები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან, მათ შორის, ესტონეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო, ასევე ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია/ქსელი.