საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ დოქტორანტურას განსაზღვრავს, როგორც: უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხურს, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო და უმაღლესი განათლების პედაგოგიური კადრების მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
დოქტორანტურის მიზანია:
ა) უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება და გაფართოება;
ბ) საერთაშორისო პრაქტიკასა და დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი სამეცნიერო კადრების მომზადება, მათი ინტეგრაცია საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში;
გ) სადოქტორო პროგრამის საფუძველზე დოქტორანტის ცოდნის გაღრმავება, განახლება, ინტელექტუალური ზრდა, აკადემიური და კვლევითი რესურსების შერწყმა, სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება, ხარისხის ამაღლება.
სადოქტორო პროგრამა მოიცავს:
სასწავლო კომპონენტი არაუმტეს 60 კრედიტისა,
კვლევითი კომპონენტი.
დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტის მინიმალური რაოდენობაა 40 კრედიტი, იგი მოიცავს სავალდებულო და არჩევით ნაწილებს.
დოქტორანტი საკვლევი თემის თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინებით სამეცნიერო ხელმძღვანელსა და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით დოქტორანტის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში ასახავს სავალდებულო და არჩევით სასწავლო კომპონენტებს.
პროფესორის ასისტენტობა[1] – 15 კრედიტი;
სემინარი[2] – 10 კრედიტი;
სალექციო კურსები (15 კრედიტი).
კვლევითი კომპონენტი:
სადოქტორო დისერტაციის მომზადება და დაცვა.
დოქტორანტურაში სწავლის მინიმალური ხანგრძლივობაა ექვსი სემესტრი (3 წელი).
[1]ასისტენტობა ითვალისწინებს დოქტორანტის ჩართვას პროფესორის საქმიანობაში, იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც მას დაეხმარება აკადემიურ სფეროში წარმატებული საქმიანობისათვის. იგი მოიცავს მონაწილეობას ისეთ საქმიანობაში როგორიცაა: სამუშაო ჯგუფი, პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარება ან სემინარზე დასწრება/ჩართულობა, შუალედური და დასკვნითი გამოცდებისათვის საკითხების, ტესტების მომზადება, სტუდენტთა ნაშრომების გასწორება, სასწავლო რესურსის მომზადება, სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების რეცენზირება, საჩვენებელი ლექციის ჩატარება, პროფესორის ასისტირება კვლევაში (მონაცემების შეგროვება, ბიბლიოგრაფიის შედგენა…), პროფესორთან ერთობლივი სამეცნიერო სტატიის მომზადება/გამოქვეყნება; პროფესორთან ერთობლივი სამეცნიერო მოხსენების მომზადება; დოქტორანტის მიერ პროფესორის ასისტენტობის შეფასება ხდება შესრულებული სამუშაოს შესახებ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე. პროფესორის ასისტენტობისათვის კრედიტის მინიჭების წინაპირობა არის შესრულებული სამუშაოს დადებითად შეფასება წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით.
[2] სემინარი არ არის სადისერტაციო ნაშრომის ნაწილი. სადოქტორო სემინარის მონაწილეები წარმოადგენენ მოხსენებებს შესაბამისი დარგის აქტუალურ საკითხზე, ამა თუ იმ სამეცნიერო პრობლემის კვლევის თანამედროვე მდგომარეობაზე, რომელსაც მოჰყვება დისკუსია. სამეცნიერო სემინარის მუშაობაში მონაწილეობენ სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები, სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელები და დოქტორანტები. დოქტორანტი სამეცნიერო მოხსენებას ამზადებს სხვადასხვა დონის კონფერენციისათვის. მოხსენების სტრუქტურის, პრობლემის აქტუალობის, აგების ლოგიკური თანმიმდევრობის შესახებ და ა.შ. კონსულტაციებს იღებს ხელმძღვანელისაგან. სამეცნიერო მოხსენება წარედგინება ამ საკითხების კვლევით დაინტერესებულ პირებს. მიღწეული შედეგი შეფასდება სამეცნიერო ხელმძღვანელისა და კომისიის მიერ.
დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის კურსდამთავრებულს, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სადოქტრო პროგრამები შემდეგი კვალიფიკაციებით:
1. ქართული ფილოლოგია
• ქართული ფილოლოგიის დოქტორი
2. ეკონომიკა
3. ინფორმატიკა
• ინფორმატიკის დოქტორი
4. აგრონომია
• აგრონომიის დოქტორი
5. ასტრონომია
• ფიზიკის დოქტორი
• ისტორიის დოქტორი
• ვეტერინარიის დოქტორი
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის (გამოცდა სპეციალობაში) საფუძველზე.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
1. განცხადება (ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა);
2. ავტობიოგრაფია (CV) (ჩამოტვირთეთ CV-ის ფორმა);
3. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ არ არის გაცემული. მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომის (ხუთწლიანი დიპლომის) წარმოდგენის შემთხვევაში აუცილებელია მაგისტრთან გათანაბრების აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან;
4. შერჩეული კვლევითი თემის კონცეფცია;
5. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
6. ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია;
7. გამოქვეყნებული შრომების სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
8. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) /ინგლისურენოვანი პროგრამის დამთავრების დიპლომი – ინფორმატიკის პროგრამისთვის;
ინგლისური ენის, ან რუსული ენის, ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) /ინგლისურენოვანი (რუსულენოვანი, გერმანულენოვანი) პროგრამის დამთავრების დიპლომი – აგრონომიის პროგრამისთვის;
9. ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ქართულენოვანი პროგრამის დამთავრების დიპლომი (დოქტორანტობის უცხოენოვანი კანდიდატისათვის).